თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ “ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრისას პარლამენტში განაცხადა, რომ არავის უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის 40 მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტიდან მოხდებოდა! - ითქვა, რომ სტუდენტებს ვალი გაუნულდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვალი ჩამოეწერებათ, ვალი აღარ ექნებათ, თუმცა ეს ბიუჯეტიდან 40 მილიონის გადახდის საჭიროებას არ მოითხოვს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ განაცხადეს, საბიუჯეტო ცვლილებებში ასახული არ იყო პრემიერ-მინისტრის მიერ დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის მიცემული დაპირება.
ამასთან დაკავშირებით კაკაურიძემ განმარტა, რომ უნივერსიტეტებისთვის 20%-იანი შეთავაზება გაკეთდა და თუ უნივერსიტეტს 20%-ად უღირს რომ სტუდენტი, რომელიც სწავლის საფასურს ვერ იხდის, 20% გადაუხადო, ვალი ამ პირობით ჩამოიწერება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამ კონტექსტში მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა და როგორც აღნიშნა, საბანკო სექტორში არსებობს დავალიანებები, რომელთა ამოღება არ ხდება, ხდება ჩამოწერა, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბანკს აწყობს, რომ რაღაც ღირებულებით გაიყიდოს.
“სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს არ განუცხადებია, რომ თანხას ბიუჯეტიდან სრულად ჩვენ გადავიხდით. პრემიერმა თქვა, რომ სტუდენტებს დავალიანება ჩამოეწერებათ. პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ - პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.
20%-იანი ანაზღაურება სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უნივერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოსყიდვა გააკეთოს - ეს ვალდებულება, სტუდენტების მიმართ მოთხოვნა დათმოს და სახელმწიფო ამ თანხას არ მოსთხოვს.
თუ რომელიმე უნივერსიტეტს ამის გაკეთება არ ენდომება, ვერავინ აიძულებს. არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებულია ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
კაკაურიძის პასუხად დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლების ყველა კომენტარი იმის თაობაზე, რომ სტუდენტებს თანხას ბიუჯეტიდან დაუფარავდნენ, ტყუილი იყო.
“დავალიანება გაუნულდებათ იმას ნიშნავს, რომ სუსში რექტორები დაიბარეთ და უთხარით, რომ სასწრაფოდ 30 ათას ადამიანს დავალიანება გაუნულეთ ან ნიშნავს იმას, რომ დავალიანებას ბიუჯეტი გადაიხდის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.