თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების რისკების შემცირებას და ფასების ინდექსაციის მექანიზმის დანერგვას.

დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შესყიდვების სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. რეფორმის ფარგლებში იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების საბაზრო ფასები და ამოქმედდება ფასების ნაწილობრივი კორექტირების (ინდექსაციის) წესი.

„რეფორმა მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას, სახელმწიფო პროექტების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას“, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ახალი წესებით შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში მონაწილეობას გაუმარტივებს.

პარალელურად, სახელმწიფო ამკაცრებს კონტროლის მექანიზმებს: იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა (დემპინგი), ხოლო ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმი ფართოვდება. შედეგად, ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირებული იქნებიან.

მთავრობა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმად აფასებს, რომელმაც ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება უნდა უზრუნველყოს.