თბილისი (GBC) - ნატახტარი-ჟინვალისა და თბილისის შემოვლითი გზის (ნატახტარი-რუსთავი) მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის პროექტირებაზე მუშაობა იმ პერიოდიდანვე დაიწყო.

როგორც დღეს „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, E-60 ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოსავლელი გზა) და ნატახტარი-ჟინვალის საავტომობილო გზის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები დასკვნით ფაზაშია, თუმცა, ამ ეტაპისთვის არ არის დასრულებული საპროექტო სამუშაოები. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული ორი მონაკვეთის პროექტირების დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებასა და სხვა დეტალურ ინფორმაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ზემოაღნიშნული პროექტები ქვეყნის სხვა უმთავრესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებია, რომელთა განხორციელება იგეგმება ეტაპობრივად, შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ვინაიდან, ამ ეტაპზე არ არის დასრულებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს პროექტის სამშენებლო ღირებულებასთან და სხვა მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პროექტზე ხელშეკრულება გაფორმდა იტალიურ კომპანიასთან (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl.

რაც შეეხება მარშრუტს, თუ სად გაივლის თბილისის შემოვლითი გზა, ზუსტი პროექტი, ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, სავარაუდო ვერსია გაავრცელა თავად კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა.

კერძოდ, იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. & Gestione Progetti Ingegneria srl. & IRD Engineering srl ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს.

bpn.ge