თბილისი (GBC) - წინა კვირის მკვეთრი გაძვირების შემდეგ, რაც OPEC+–ის მიერ მოპოვების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, ნავთობის ფასი ორშაბათის ვაჭრობის პირველ საათებში თითქმის 1%–ს კარგავს.

Brent-ის მარკის ნავთობის ფასი, თბილისის დროით 09:27 საათისთვის 0,9%–ით არის შემცირებული და ბარელი $97,08 ღირს. WTI ამ დროისთვის 0,82%–იან ვარდნაშია – $91,86–მდე ბარელზე.

Bloomberg-ის პლატფორმაზე ახალი სავაჭრო კვირა კვლავ გამყარების მიმართულებით გახსნა ლარმა, რომლის კურსი აშშ დოლართან შეფარდებაში ამ დროისთვის 2,7943–ს შეადგენს. ლარის გამყარების მაჩვენებელი 0,15%–ს აღწევს. წლის განმავლობაში ლარი დოლართან 10,54%–ით არის გამყარებული. ბოლო 52 კვირის განმავლობაში ლარი დოლართან შეფარდებაში 2,6950 – 3,4543 კურსების დიაპაზონში მერყეობდა.