თბილისი (GBC) – საპენსიო სააგენტომ დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტაციის მიღება 20 იანვრამდე გასტანს.

"2024 წლის 20 დეკემბრის, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს N39 ოქმის თანახმად, ცხადდება ვაკანსია საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე. ვაკანსიის გამოცხადებას და კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება, კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.

განაცხადების მიღების შემდეგ, პრეტენდენტების გადარჩევისა და გასაუბრების უზრუნველყოფის მიზნით, დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს სამეთვალყურეო საბჭოს.

სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, მსურველმა უნდა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, უნდა გააჩნდეს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის კი ხუთი წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე. გასაუბრების ფარგლებში, კი მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარების ფლობა.

კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2025 წლის 27 იანვარი;

მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის ივნისში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მმართველობითი სტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან სრულად ამოქმედდება. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდება და შეიქმნება ერთიანი მმართველობითი საბჭო. ამასთან, საპენსიო სააგენტოს სახელწოდება 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვლება და გახდება სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი. ხოლო, კონკურსის შედეგად დანიშნული საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2025 წლის 1 მაისიდან გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი",- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.