თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ მოძრავი შემადგენლობის განახლება და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება აქტიურად დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ, რკინიგზელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლაშა აბაშიძის თქმით, გასულ წელს კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ მოძველებული მოძრავი შემადგენლობა წარმოადგენდა, თუმცა მართვის ახალი მიდგომების დანერგვით საოპერაციო პროცესები გაუმჯობესდა, ხარჯები შემცირდა, ხოლო დაზოგილი რესურსი კომპანიის განვითარებისკენ მიიმართა.

კომპანიამ უკვე შეიძინა 200 ახალი სატვირთო ვაგონი, საიდანაც 50 ერთეული უკვე საქართველოშია, ხოლო წლის ბოლომდე მათი რაოდენობის გაორმაგება იგეგმება. ამასთან, დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესიც.

„ეს მართლაც ისტორიული პროცესია, რადგან ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევაა მოძველებული სალოკომოტივო პარკი“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.