თბილისი (GBC) - ხელოვნური ინტელექტის (AI) გლობალური ათვისება 2025 წლის მეორე ნახევარში რეკორდულ 16.3%-მდე გაიზარდა, თუმცა პარალელურად გაღრმავდა ტექნოლოგიური ნაპრალი განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს შორის. Microsoft-ის AI ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა მისი ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება.

Microsoft-ის კვლევის მონაცემებით, საქართველოში AI-ის ათვისების მაჩვენებელმა (AI Diffusion) 18.2% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში ზრდა მხოლოდ 0.9% იყო, საქართველო რეგიონულ ჭრილში მეზობელ ქვეყნებზე წინ დგას:

  • აზერბაიჯანი: 15.5%
  • თურქეთი: 14.6%
  • სომხეთი: 6.6%

გლობალური მასშტაბით პირველობას არაბთა გაერთიანებული საამიროები (64%) და სინგაპური (60.9%) ინარჩუნებენ. საქართველო საერთო რეიტინგში 63-ე ადგილზეა.

ანგარიში ხაზს უსვამს „მზარდ ციფრულ ნაპრალს“ (Widening Digital Divide). „გლობალურ ჩრდილოეთში“ ათვისების ტემპი თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე „გლობალურ სამხრეთში“. განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ასაკის მოსახლეობის 24.7% იყენებს AI ინსტრუმენტებს, მაშინ როცა განვითარებად ეკონომიკებში ეს მაჩვენებელი 14.1%-ია.

Microsoft-ის კვლევის მიხედვით, 2025 წლის მნიშვნელოვან ტენდენციად იქცა ჩინური ღია კოდის მქონე პლატფორმის, DeepSeek-ის ექსპანსია. უფასო ხელმისაწვდომობის გამო, მან სწრაფად მოიპოვა წილი იმ ბაზრებზე, სადაც ფინანსური ბარიერები მაღალია. საქართველოში DeepSeek-ის საბაზრო წილი უკვე 6-10%-იან შუალედში ფიქსირდება. კვლევის მიხედვით, ეს მოდელი განსაკუთრებით პოპულარულია: აფრიკაში, ჩინეთში, რუსეთსა და ირანში.

Microsoft-ის ანგარიშში წლის წარმატებულ მაგალითად დასახელებულია სამხრეთ კორეა, რომელმაც რეიტინგში 7 საფეხურით გადაინაცვლა წინ და მე-18 ადგილზე დამკვიდრდა (30.7%). წარმატება განაპირობა სახელმწიფო პოლიტიკამ, AI-ის სკოლებსა და საჯარო სექტორში ინტეგრაციამ და მშობლიურ ენაზე მოდელების ოპტიმიზაციამ.

ანგარიშის დასკვნით, გლობალური კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის ახლა საკუთარი ეროვნული მოდელების ათვისების ტემპზე გადის. საქართველოსთვის და სხვა რეგიონული მოთამაშეებისთვის მთავარ გამოწვევად AI-უნარების განვითარება და ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება.