თბილისი (GBC) - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიაში ჩაფრინდა. „ჩვენ აქ ვართ! წინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია!“ – ასე აცნობა ქომაგებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურმა ევრო 2024-ის მასპინძელ ქვეყანაში გუნდის ჩაფრენა. „ჯვაროსნებმა“ 9 ივნისს ევრო 2024-მდე ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში მონტენეგროს ნაკრები დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხეს და გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ვილი სანიოლის გუნდი დასკვნით შეკრებას გამართავს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის (18 ივნისს), ჩეხეთის (22 ივნისს) და პორტუგალიის ნაკრებებს (26 ივნისს) დაუპირისპირდება.

თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი, 18 ივნისი)

ჩეხეთი – საქართველო (ჰამბურგი, 22 ივნისი)

პორტუგალია – საქართველო (გელზენკირხენი, 26 ივნისი)

ევრო 2024-ის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება „ჯვაროსნებმა“ ქალაქ ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე დაგეგმეს, სადაც 12 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე (შუა ევროპის დროით 17:00) ღია ვარჯიშს ჩაატარებენ.

ევრო 2024-მდე დარჩენილია 3 დღე.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან დაახლოებით 15 000 გულშემატკივარი ჩავა.