საქსტატმა ხელფასების მედიანური მეთოდით დათვლა დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით კი ქვეყანაში საშუალო ხელფასი არა 1300 ლარს შეადგენს (როგორც ამას საშუალო არითმეტიკულით დათვლა გვაჩვენებს), არამედ 900 ლარია. ორ მეთოდს შორის სხვაობა კი საკმაოდ დიდია და 31%-ს შეადგენს. 

საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. აქამდე დათვლა მხოლოდ ამ გზით - საშუალო არითმეტიკული გამოთვლით ხდებოდა. შედეგად კი თუკი მაგალითად კომპანიას 10 დასაქმებული ჰყავდა, საიდანაც პირობითად ერთის ხელფასი 10 000 ლარს, დანარჩენი 9-ის კი 1000 ლარს შეადგენდა, საშუალო არითმეტიკულით კომპანიაში საშუალო ხელფასად 1900 ლარი ითვლებოდა.  რაც შეეხება მედიანურ დათვლას, ის გვაჩვენებს ზრდადობითი დალაგებული რიცხვების შუაში მოქცეულ მონაცემს - ზევით მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში ის 1000 ლარი იქნებოდა. ამჯერად საქსტატმა მედიანური ხელფასის გამოსათვლელად არა საწარმოთა გამოკითხვა არამედ შემოსავლების სამსახურის ოფიციალური სტატისტიკა გამოიყენა ხელფასის მიმღებ პირებზე.

მედიანურმა დათვლამ ზოგიერთ სექტორში აქამდე არსებული სტატისტიკა ხელფასებზე მნიშვნელოვნად შეცვალა და გაანახევრა კიდეც. ასე მაგალითად თუკი აქამდე ვიცოდით რომ ოფიციალური სტატისტიკით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში საშუალო ხელფასი 2368 ლარი იყო, მედიანური დათვლით ის 1254 ლარს შეადგენს, რაც იმის მანიშნებელია რომ ამ სექტორში მენეჯერებსა და შუა და საშუალო რგოლის დასაქმებულებს შორის სახელფასო სხვაობა მკვეთრად დიდია. ცნობილია რომ მაგალითად ბანკებში მენეჯერების ხელფასები ხშირ შემთხვევაში წლიურად მილიონობით ლარს შეადგენს.

საშუალო არითმეტიკულ და მედიანურ ხელფასს შორის სხვაობა მცირეა ისეთ პროფესიებზე სადაც ხელფასები ისედაც ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს. ასე მაგალითად - განათლების სფეროში საშუალო არითმეტიკულ და მედიანურ ხელფასს შორის სხვაობა 22.3%-ს შეადგენს. საშუალო არითმეტიკულით განათლების სფეროში ხელფასი 835 ლარია, ხოლო მედიანურით 649 ლარი.