თბილისი (GBC) – „ბრიტანულ-ქართული აკადემიისა“ და „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლებმა ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ, რომლებიც სს „საქართველოს კაპიტალსა“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიების მიმართ დავას აწარმოებენ, ამჯერად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოს და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს მიმართეს.

ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურისა და სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ სკოლებისა და დამფუძნებლების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის წილის მითვისების მცდელობას, მათთვის ზიანის მიყენებას, სკოლების „ბრუტალური ოკუპაციას“, დამფუძნებლის არასრულწლოვანი შვილების დისკრიმინაციას, დამფუძნებლების საკუთრების უფლების ხელყოფას, თვითნებობასა და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო ედავებიან.

ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე მანამდე გამოქვეყნებულ არაერთ პუბლიკაციაშიც აცხადებდნენ, რომ სს „საქართველოს კაპიტალი“ გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანიის, Georgia Capital PLC შვილობილი კომპანიაა და ორივე ორგანიზაციას ერთი და იგივე გუნდი მართავს ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით. მათი თქმით, ეს კომპანია, ფაქტობრივად, საქართველოში ოპერირებისთვის გამოიყენება, საქართველოში განხორციელებული უკანონო ქმედებებთან დაკავშირებული, Georgia Capital PLC-სთვის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. სწორედ Georgia Capital PLC-სა და მისი შვილობილი კომპანიების მიმართ წამოიწყეს სამართლებრივი დავა ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში (High Court of Justice, Business and Property Courts of England and Wales). ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ადვოკატების თქმით, აღნიშნული დავის ფარგლებში, გამოყენებული იქნება ყველა სამართლებრივი მექანიზმი, მათ შორის ისეთიც, რომელიც საქმის არსებითად გადაწყვეტამდე ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისათვის Georgia Capital PLC-სა და მისი შვილობილი კომპანიების მხრიდან შემდგომი ზიანის მიყენების შესაძლებლობას შეზღუდავს.

აღნიშნული საინვესტიციო კომპანიების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლის მიზნით მიმართეს სკოლების დამფუძნებლებმა გაერთიანებულ სამეფოში არსებულ მარეგულირებელ ორგანოებსაც, კერძოდ, ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა: The Financial Conduct Authority (FCA); The Financial Reporting Council (FRC); The UK’s National Crime Agency (NCA); Foreign, Commonwealth & Development Office (FCDO) და Office of Financial Sanctions Implementation (OFSI). ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ითხოვენ ირაკლის გილაურის სანქცირებასა და Georgia Capital PLC-ს გარიცხვას ლონდონის საფონდო ბირჟიდან.

სკოლების დამფუძნებლების თქმით, „საქართველოს კაპიტალისა“ და მისი შვილობილი კომპანიის „საქართველოს განათლების ჯგუფის“ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ფაქტების შესწავლა დაწყებულია საქართველოში არსებულ მარეგულირებელ ორგანიზაციებშიც - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის შვილების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებებიდან გამომდინარე, უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს საქართველოს სახალხო დამცველთანაც.

ამასთან, სკოლების დამფუძნებლების ადვოკატების თქმით, დაწყებულია გამოძიება სისხლისსამართლებრივი ქმედების - თვითნებობის ფაქტებზეც, რომელშიც ფიგურირებს „საქართველოს კაპიტალის“ მმართველი დირექტორი და სკოლების თვითმარქვია დირექტორი გიორგი კეთილაძე, რომელიც, ადვოკატების მტკიცებით, ირაკლი გილაურის დავალებით მოქმედებს.

ადვოკატების თქმით, სკოლის დამფუძნებლების მიმართვის საფუძველზე, „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი კომპანიის - შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ იმ უძრავი ქონების მიმართ, რომლითაც „ინვესტორს“ ინვესტიციის ნაწილი უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ეს ვალდებულება არ შეასრულა და პირიქით, თავისი კერძო საკუთრების გასაუმჯობესებლად მიითვისა სკოლის კუთვნილი სამ მილიონ ლარზე მეტი, სასამართლოს მიერ გამოყენებულია აკრძალვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით. ამასთან, ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძისთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი გილაური სკოლების დამფუძნებლების მიმართ უკანონო ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებს დაკავშირებული კომპანიის - სს „საქართველოს ბანკის“ ადამიანურ რესურსს, რასაც, მათი თქმით, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა და მარეგულირებელი ორგანოს შესწავლის საგანი გახდება.

შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიისა“ და შპს „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებლების ბრძოლა ირაკლი გილაურისა და Georgia Capital PLC-ის შვილობილი კომპანიების მიმართ გრძელდება როგორც საქართველოში, ისე გაერთიანებულ სამეფოში.

ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირწმუნებიან, რომ სიმართლე გაირკვევა და გილაურსა და მასთან დაკავშირებულ პირებს არ მიეცემათ დამფუძნებელი პარტნიორის წილისა და სკოლების საბოლოო მიტაცების შესაძლებლობა და ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

 

 

(R)