თბილისი (GBC) – სომხეთ–ბულგარეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გაგიკ მაკარიანმა ოთხშაბათს ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის მწარმოებლების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, სომხური კონიაკის ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ფერხდება. 

„ისე უნდა გაკეთდეს, რომ ფრაზა „სომხურ–ქართული მეგობრობა“ გამოითქმოდეს არა ბრჭყალებში, არამედ ეს იყოს რეალობა, რადგან ქართულ მხარეს რაც კეთდება, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს, თბილისი ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას არღვევს. გასაკვირია, რომ სომხეთის შესაბამისი უწყებები და წარმომადგენელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში დღემდე არ ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც უკმაყოფილება იქნება გამოთქმული. სომხური კონიაკის წარმოებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ქვეყნის ერთ–ერთი წამყვანი სამრეწველო დარგია“, – თქვა მაქარიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა თურქეთ–აზერბაიჯანის ტანდემის ზეგავლენის ქვეშაა.

მარკარიანი ირწმუნება, რომ საქართველო სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ხდება და ამის დასამტკიცებლად სტატისტიკურ მონაცემებს მოიხმობს: „საქართველოს იმპორტი 11 მილიარდია, ექსპორტი კი მხოლოდ 3–3,5 მილიარდი. დეფიციტი 70%–ს შეადგენს“ {ეს მონაცემები აცდენილია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს. რედ.}.

მისივე თქმით, მთავარი პარტნიორები საქართველოსთვის თურქეთი და აზერბაიჯანი არიან.