თბილისი (GBC) – სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (GCC), კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ, თუმცა ამისთვის დამატებითი სტრუქტურული რეფორმებია საჭირო. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ეკონომისტმა ფრანსუა პენშომ განაცხადა.
მისი თქმით, თანამშრომლობის გაძლიერების ძირითადი მიმართულებებია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება, სავაჭრო ბარიერების შემცირება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პირობების დახვეწა.
„ვაჭრობის ზრდას ყველაზე მეტად ხელს შეუწყობს ლოგისტიკისა და მართვის სისტემების გაუმჯობესება, ასევე სავაჭრო შეზღუდვებისა და ტარიფების შემცირება“, – განაცხადა სსფ-ის წარმომადგენელმა ახალი ანგარიშის „სპარსეთის ყურის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება“ პრეზენტაციისას.
სსფ-ის შეფასებით, არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრამ შესაძლოა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით მშპ-ის 0,7%-ით გაზარდოს. შედარებისთვის, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მშპ-ის დაახლოებით 0,14%-ს შეადგენს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორი რეგიონის ეკონომიკები ერთმანეთს ავსებს: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრადიციულად კაპიტალის მთავარი წყაროები არიან, ხოლო კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ძირითადად უცხოური ინვესტიციების მიმღებებს წარმოადგენენ.
