თბილისი (GBC) – ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ბლექ სი არენაზე“ მასშტაბური კამპანიის – Starring Georgia – საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ტურისტულად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით, სხვა ეტაპზე გადადის. შესაბამისად, მისივე თქმით, მთავრობის მოთხოვნები იზრდება და გეგმაშია „ბლექ სი არენას“ პოტენციალის სრულად ათვისება.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ასეთი ინიციატივის წარმატებული მაგალითები წარსულშიც გვქონდა - ის Check in Georgia-ს ფარგლებში განხორციელებულ პროექტს ასახელებს. მინისტრის აზრით, წელს დაგეგმილი ცნობილის არტისტების კონცერტები მოიზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს, არამედ ვიზიტორებს მთელი რეგიონიდან და მეტიც, უფრო შორეული ქვეყნებიდანაც.

„ჩვენ ამაზე გვქონდა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, როგორც ტურიზმზე, ეკონომიკაზე გავლენის კუთხით და ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კონსერვატიული შეფასებებით, დაახლოებით 100 მილიონის ეფექტი ეკონომიკაზე,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით, რადგან ამ ვარსკვლავების სანახავად საქართველოში ბევრი ახალი ვიზიტორი შეიძლება ჩამოვიდეს და ზოგადად, ეს იქნება ძალიან პოზიტიური დინამიკა საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სასურველია, რეგულარულად მიმდინარეობდეს ასეთი კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც საქართველოში მაღალი ხარისხის შემსრულებლები რეგულარულად ჩამოვლენ. „Starring Georgia“-ს იდეა ის არის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო პოპულარული შემსრულებლები გვეყოლება“, - აღნიშნა მინისტრმა.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.
ამის პარალელურად „ბლექ სი არენა“ სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც აქტიურად უთმობს და ცდილობს ქართული კულტურული გარემოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. 30 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული მუსიკალური არენა 10 000-მდე სტუმარს იტევს და მისი ტექნიკური მონაცემები სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა.ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი საუკეთესო ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. მოძრავი სცენა 638 კვადრატული მეტრია (36m X 18m) და დარბაზის ნებისმიერი წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.