თბილისი (GBC) - სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) წერს, რომ „სახელმწიფოს მხრიდან, ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმისათვის „გარანტირებული ტვირთებით“ უზრუნველყოფის შესახებ ხისტი მოთხოვნის დაყენებამ, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის ჩაძირვა გამოიწვია".

TCRC-ის შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან „გარანტირებული ტვირთების“ მოთხოვნის დაყენება მისაღებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ესა თუ ის სატრანსპორტო ობიექტი დასრულებული და ექსპლუატაციაში შეყვანილია. ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში კი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ - „4 - 5 წლის წინსწრებით კონტაქტორ კომპანიას მოსთხოვო მოსაზიდი ტვირთების სტრუქტურის და მოცულობის შესახებ ინფორმაცია – პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზევე კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს წარმოადგენს“.

„ევროპული ნავსადგურების გამოცდილების მორგება ანაკლიის ნავსადგურის პირობებისათვის მოითხოვდა რიგი წინაპირობების გათვალისწინებას. 

საწყის ეტაპზე აუცილებელი იქნებოდა, ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციას სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველზე კორპორაციული მართვის შესაძლებლობა მისცემოდა.

ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციის ფორმირებისას, ნავსადგურის მიმდინარე ტერიტორიების სანაცვლოდ განხილული უნდა ყოფილიყო აქციათა ნაწილის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ან რეგიონული ადმინისტრაციისათვის გადაცემის შესაძლებლობა.

საკანონმდებლო დონეზე აუცილებელი იქნებოდა ნავსადგურის ადმინისტრაციას ნავსადგურის საზღვრებში მოქცეული მიწის ფართობის განკარგვის უფლება მისცემოდა.

გარდა ამისა, ნავსადგურის ადმინისტრაციას უფლება უნდა მისცემოდა პროექტის განხორციელებისას, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში თვითონ მოეზიდა მსოფლიო ლიდერი კომპანიები. ასევე განეხორციელებინა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება.

ანაკლიის ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის სრულფასოვანი ლენდლორდის (მიწის მფლობელი) ფუნქციის, ხოლო პერსპექტივაში სანავსადგურო მოსაკრებლის განკარგვის უფლების მინიჭებით, ასევე ნავსადგურის მართვაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვით, შეიქმნება ყველანაირი წინაპირობა ინვესტორების მოსაზიდად.

ასეთი მიდგომით შესაძლებელი იქნება, ანაკლიის ნავსადგურის და ზურგს უკან განლაგებული „ანაკლია სითის" პროექტის განხორციელება არა კონსოლიდირებული ე.წ. ჩინელი ინვესტორის საშუალებით, არამედ კონცესიის საფუძველზე სხვადასხვა მძლავრი, მსოფლიოში გამოცდილი ოპერატორების შემოყვანით”, - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.