თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 437 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 7.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 21%-ით, 261 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი (ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).

2025 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12.2%-იანი ზრდა ფიქსირდება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია - 2024 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდებთან შედარებით კლების ტემპი შემცირებულია.

2025 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 13.5%-ით გაიზარდა გარეუბანში, ფართო ცენტრში 8.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 6%-ით მოიმატა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 15.2%-ით გაიზარდა. (პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.) ახალაშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.7%-ით გაიზარდა.

ამასთან, 2025 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის მაისთან შედარებით 9.5%-ით გაიზარდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრში - 1.4%-ით, ხოლო გარეუბანში 3.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.