თბილისი (GBC) – კურორტ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმების „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ შენობები აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმები საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა. სანატორიუმი „რკინიგზელის“ საწყისი ფასი 5 135 000 ლარია, სანატორიუმი „იმერეთის“ – 3 124 500 ლარი.

„იყიდება წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა N51-ში არსებული 33000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 5 135 000 ლარად. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყოს, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივლისს დასრულდება.

პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია წყალტუბოში, ჩახრუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 41150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“. აღნიშნული სანატორიუმის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 3 124 500 ლარია. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს, რისთვისაც 9 373 500 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი 21 ივლისს დასრულდება“, – ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში, 2022 წელს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესსექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარი იყო. დღეის მდგომარეობით, პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 16,265,300 ლარი შეადგინა.