თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არნე ბერგრენი ბუცხრიკიძის თხელიძით ჩანაცვლებას სრულად უჭერს მხარს.
„საბჭო სრულად უჭერს მხარს ვახტანგ ბუცხრიკიძის მიერ რეკომენდებულ ორგანიზაციულ ცვლილებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტრატეგიის ძლიერი და უწყვეტი შესრულება საქართველოში და შეიქმნას პირობები ჯგუფის ამბიციების გაზრდილი ფოკუსისთვის უზბეკეთსა და სხვა ბაზრებზე. გიორგი თხელიძე, რომელიც დიდი ხანია განიხილებოდა როგორც ბანკის აღმასრულებელი დირექტორის პოტენციურ შიდა მემკვიდრედ, გამოირჩევა ძლიერი ლიდერული გამოცდილებითა და დამტკიცებული შედეგებით. იგი სრულად არის მზად, უხელმძღვანელოს ჩვენს ქართულ ბიზნესს“, - აცხადებს საბჭოს თავმჯდომარე.
„TBC-ის განვითარების ამ საინტერესო ეტაპზე, ვგეგმავ, ჩემი ენერგია მთლიანად დავუთმო ჯგუფის საერთო სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელობას. როგორც ჯგუფის CEO, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიქნები ჩართული ჩვენი ბიზნესების ყველა ასპექტში როგორც საქართველოში, ასევე უზბეკეთში, და ასევე სხვა საერთაშორისო შესაძლებლობების კვლევაში. ძალიან მიხარია, რომ ქართული ბანკის CEO-ს პოზიციაზე ჩემს მემკვიდრედ გიორგი ინიშნება. გიორგისთან ერთად ათ წელზე მეტია ვმუშაობ. მან შესანიშნავი შედეგები აჩვენა CIB-ისა და Wealth Management-ის ხელმძღვანელობისას და დარწმუნებული ვარ, რომ იგი შესანიშნავად გაუძღვება მთლიანად ჩვენს ქართულ ბიზნესს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო თორნიკეს ბოლო რვა წლის განმავლობაში ბანკში გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, ჯერ კიდევ ბანკის მოქმედი CEO.
სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოპერაციებზე პასუხისმგებლობას გიორგი თხელიძე გადაიბარებს. თხელიძე სს „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორად 2026 წლის 1 მარტიდან, ან იმ უფრო გვიანი თარიღიდან დაინიშნება, რომელიც საჭირო იქნება შესაბამისი მარეგულირებელი ნებართვების მოპოვებისთვის.
მენეჯმენტში კიდევ ერთი ცვლილება კი ისაა, რომ თორნიკე გოგიჩაიშვილი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ბანკს 2026 წლის 1 მარტიდან ტოვებს.