თბილისი (GBC) – საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები გადამწყვეტია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.

„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის როლზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ამ მიმართულებით SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის ეფექტური მექანიზმია.

გამოსვლაში ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზეც. მან აღნიშნა, რომ რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა.

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამსახურის თანამშრომლებს, ბიზნესსექტორსა და პროფესიულ ორგანიზაციებს ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.