თბილისი (GBC) - ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი, კენჭს უყრიან წინადადებას სომხეთიდან ევროკავშირში იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმების შესახებ.

სომხური მედიის ცნობით, სტრასბურგში 14–17 სექტემბერს დაგეგმილი სესიების დღის წესრიგში შეტანილია კენჭისყრა ევროკომისიის ინიციატივაზე, რომელიც სომხეთისთვის საბაჟო პრეფერენციების მინიჭებას ითვალისწინებს. აღნიშნულ ღონისძიებას ევროკავშირის საბჭომ მხარი უკვე დაუჭირა.

გეგმის მიხედვით, ევროკავშირი სომხური საქონლის ფართო სპექტრზე საბაჟო გადასახადებს 2 წლის ვადით გააუქმებს. ამასთან, უბაჟო იმპორტის კვოტები დაწესდება სომხური სოფლის მეურნეობის 8 დასახელების პროდუქციაზე, მათ შორის ყურძენზე, ატამზე, ალუბალზე, გარგარსა და კიტრიზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს პროცესში ჩაერიოს, თუ სომხეთიდან იმპორტის მკვეთრი ზრდა ევროპელ მწარმოებლებს უარყოფითად დაატყობს კვალს.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ნაბიჯია იმ შეზღუდვებზე, რომლებიც რუსეთმა 2026 წლის მაისში სომხურ ექსპორტზე დააწესა. შეზღუდვები შეეხო ალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყლებს, ხილსა და ბოსტნეულს, ასევე ამ პროდუქციის ტრანზიტს რუსეთის ტერიტორიის გავლით.

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის ქმედებებმა დაარღვია სომხეთის ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები და ქვეყანას ძირითად საექსპორტო ბაზრებზე წვდომა შეუზღუდა. შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესსა და აგრარულ სექტორს.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა დროებითი მხარდამჭერი ღონისძიებაა სომხეთის ეკონომიკური სტაბილურობის დასახმარებლად, რაც ექსპორტიორებს ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.