თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ხუთშაბათს, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და საელჩოს წარმომადგენელი ელიზა ლეონი.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის გააქტიურების მნიშვნელობას, ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო/ენერგეტიკულ პროექტებზე, რომელშიც ჩართულია საქართველო.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.