თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარისა და გურიის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი 22 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტები საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის გარეშე, კანონმდებლობის დარღვევით საქმიანობდნენ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად 22 ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი ამოიღეს.
ამოღებული ფულადი სახსრების საერთო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.
ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჯგუფურად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
