თბილისი (GBC) - საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა თურქმენეთთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პოტენციალზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარებას. 

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წელში, წლიურად, საშუალოდ 9.3%-ს აღემატება,  მიმდინარე წლის 5 თვის კი 7.8%-ს.

მან საქართველოს ფისკალური პარამეტრების სიჯანსაღეზე აღნიშნა. 2025 -ის ბოლოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ, 2.6%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი 1.4%-მდე შემცირდა. რაც თავის მხრივ, განაპირობებს ვალის დაბალ და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნებას.

„წარმატებულმა ფისკალურმა და ეკონომიკურმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მშპ-ის 7%-8%-მდე მიგვემართა კაპიტალურ დანახარჯებზე და შეგვექმნა ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ახალი ენერგეტიკული გადამცემი ქსელები, რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლება და სხვა. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შუა დერეფნის დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და გამტარუნარიანობის ზრდაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ხუციშვილმა რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ენერგეტიკული შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე.

თქვა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტზე აქტიური მუშაობაა, რომლითაც საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქსელი დაუკავშირდება ევროპულ ენერგეტკულ ქსელს და გააჩენს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის.

"თავის მხრივ, ეს  ახალი შესაძლებლობაა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომ დაკავშირებადობის მსგავსი პროექტების განხორციელებით, სრულიად ახალი, ენერგეტიკული შუა დერეფნის ჩამოყალიბება რეალობად იქცეს“, - ლაშა ხუციშვილოს თქმით

საქართველო წარმოადგენს საიმედო და სტაბილურ ეკონომიკას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.