თბილისი (GBC) - რუმინეთის ელექტროგადამცემი სისტემის ეროვნულმა ოპერატორმა Transelectrica განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რუმინეთსა და საქართველოს დააკავშირებს, ტექნიკური მომზადების ეტაპზე გადადის.
მოლდავური გამოცემა point.md-ის ცნობით, პროექტმა ამ ფაზას Transelectrica-სა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე/GSE) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მიაღწია.
მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გაივლის, ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადაცემას უზრუნველყოფს, რაც, ფაქტობრივად, ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდების ახალ მარშრუტს გახსნის.
„რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი რეალურ ფორმებს იღებს. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორობა გადადის ტექნიკური მომზადების ეტაპზე, რაც აუცილებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული კავშირის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად“, - ნათქვამია Transelectrica-ს განცხადებაში.
რას ნიშნავს პროექტი რუმინეთისთვის და რა პარამეტრები აქვს მას?
რუმინეთისთვის ამ პროექტის რეალიზება ნიშნავს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში, წვდომას ელექტროენერგიის ახალ წყაროებზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, მეტი განახლებადი ენერგიის ინტეგრირების შესაძლებლობასა და ქვეყნის როლის გაძლიერებას ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.
პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ციფრული კავშირის მშენებლობას საქართველოს ქალაქ ანაკლიასა და რუმინეთის ქალაქ კონსტანცას შორის.
- საერთო სიგრძე: 1 155 კილომეტრი (აქედან 1 115 კმ გაივლის შავი ზღვის ფსკერზე, ხოლო 40 კმ - ხმელეთზე).
- გამტარუნარიანობა: ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე 1 300 მგვტ-ს შეადგენს.
Transelectrica-ში აღნიშნავენ, რომ პროექტი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზაზე.
