თბილისი (GBC) – 1–ელ თებერვალს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველკვარტალური გამოცემა - "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში".

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბოლოს 2022 წლის გაზაფხულზე გაიზარდა და დღემდე 11%–ზე ნარჩუნდება. სებ–ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ მომავალ ზაფხულამდე ბაზარს მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. გვენეტაძის თქმით, ასევე არ არის მოსალოდნელი ამ პერიოდში პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება.

საინვესტიციო ბანკებში, სებ–ის პოლიტიკას აფასებენ როგორც საკმაოდ კონსერვატიულს და რეფინანსირების განაკვეთის დაწევა უკვე მარტიდან მიაჩნიათ შესაძლებელი.