შეკითხვების და მოსაზრებების გაგზავნა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამისი დანართის მიხედვით policy@nbg.gov.ge- ზე 2024 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით შეუძლია.

თბილისი (GBC) - სებ-მა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჯარო კონსულტაციის მიზნით, „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესატანი ცვლილებების პროექტი გამოაქვეყნა. 

განმარტებითი ბარათი

 

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტზე

 

ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის - ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებული და აპრობირებული პრაქტიკაა. საუკეთესო პრაქტიკის თანახმად მიიჩნევა, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რელევანტური სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში, კერძოდ, საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ 2013 წლის 26 ივნისის  2013/36/EU დირექტივა (CRD) ითვალისწინებს იმ შემთხვევების არაამომწურავ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც ეროვნულ კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს საზედამხედველო ზომებისა და ფულადი ჯარიმების განსაზღვრა. ამასთან, დირექტივით გათვალისწინებული ცალკეული საზედამხედველო ზომებისა და ფულადი ჯარიმების ჩამონათვალი ასევე არაამომწურავია.

ზემოხსენებული დირექტივის თანახმად, იურიდიული პირის მიერ ცალკეული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობა შესაძლოა შეადგენდეს იურიდიული პირის წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფულადი ჯარიმა 5 000 000 (ხუთი მილიონი)  ევრომდე ოდენობით. ფულადი ჯარიმების მაქსიმალური ოდენობის დადგენის მხრივ, აღნიშნული პრაქტიკა აქვს ევროპის ცენტრალურ ბანკსაც (ECB), რაც მოწესრიგებულია მისი საქმიანობის მარეგლამენტირებელი რეგულაციით და ასახულია ECB-ის შესაბამის გაიდლაინში საჯარიმო თანხის განსაზღვრის მეთოდების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, ინგლისის, ირლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკისა და გამოქვეყნებული გამოყენებული ფულადი ჯარიმების საშუალო ოდენობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი ჯარიმების როგორც ფიქსირებული, ისე შესაძლო მაქსიმალური ოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია.

საგულისხმოა, რომ „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ამჟამად მოქმედი ბრძანება მიღებულ იქნა 2009 წელს, როდესაც კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები შეადგენდა დაახლოებით 8.3 მილიარდ  ლარს (2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით). 2018 წელს აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა და ცალკეული დარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა. 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა დაახლოებით 39.7 მილიარდ ლარს. გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები შეადგენდა დაახლოებით 88.4 მილიარდ ლარს. შესაბამისად, საბანკო სექტორის ზრდისა და განვითარების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ეფექტური და პროპორციული საზედამხედველო მექანიზმი ფულადი ჯარიმის სახით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ბრძანების პროექტი მიზნად ისახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას და ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას, ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზეა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევა და მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, დადგენილება) ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოება ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობა. კერძოდ, ამ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, კომერციული ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის გარდა 0.5%-ის ან 1%-ის ოდენობით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფულადი ჯარიმის ოდენობა კვლავ განისაზღვრება დარღვევის სერიოზულობის ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალის ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე და ყოველი შემთხვევა ინდივიდუალური შესწავლის საგანია.

 

ბრძანების პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

 

ბრძანების პროექტის ავტორი და წარმდგენია საქართველოს ეროვნული ბანკი.