თბილისი (GBC) – ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა (ფსკ) კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. სების ცნობით, 2025 წლის ოქტომბრის  მონაცემებით, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. 

გასულ წელთან შედარებით, საკრედიტო აქტივობის ტემპი ეტაპობრივად ნორმალიზდა და  2025 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 12.7% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი კვლავ ბიზნეს სესხებმა შეიტანა. 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება.

სებში აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, პირველ სამ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ და მეორე მხრივ, საკრედიტო აქტივობის ნორმალიზებამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის გაზრდა განაპირობა.

ფსკ–ის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი ეტაპობრივად დაიხურება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 თებერვალს გაიმართება.