თბილისი (GBC) - თიბისის მხარდაჭერით 2-4 ივლისს დიზაინის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უმასპინძლებს „სოციალური დიზაინის დღეებს“. მეოთხე გამოცემის თემა ფოკუსირდება ცირკულარულ დიზაინსა და მდგრად ინოვაციებზე.

3 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი ქართველი და შვიდი ქვეყნიდან ჩამოსული საერთაშორისო სპიკერი, სტარტაპერი, ურბანისტი და დიზაინერი ისაუბრებს მასალების ხელახალ გამოყენებაზე, ორგანულ წარმოებაზე, პროდუქტის გამძლეობასა და ახალ ბიზნესმოდელებზე. კონფერენცია შინაარსობრივად დაფარავს: არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საკითხებს, გადამუშავებული და ორგანული მასალების გამოყენებას ყოველდღიურობაში, მოდის ინდუსტრიისა და მდგრადი მასალების გამოყენების ტრენდებს. ჩატარდება სამუშაო სესიები, მოხსენებები, ლექციები, გამოფენები, დისკუსიები და გასვლითი სესიები. 

კონფერენციის ფარგლებში, 2 ივლისს, სპეციალურად თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება ვორქშოფი. უფროსკლასელები გუნდურად შექმნიან ინტერაქტიული ტექსტურ თამაშს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და პრაქტიკულად გაეცნობიან პროდუქტის სასიცოცხლო ციკლსა და ციკლური ეკონომიკის პრინციპებს. თამაშის შექმნის პროცესში მოსწავლეები იდეის გენერირებიდან პროდუქტის გადამუშავებამდე ყველა ეტაპს გაივლიან, შეიმუშავებენ თამაშის კონცეფციასა და სცენარს. ბოლოს კი შეაფასებენ საკუთარი პროექტის სოციალურ და გარემოზე გავლენას, რითაც განივითარებენ როგორც ტექნოლოგიურ, ასევე შემოქმედებით უნარებს.

ივლისის პროგრამაში მონაწილეობენ: Circular Design Studio Hamburg, BFGF Design Studio, Mutter, UNIDCOM-IADE, Kona Books, IDAAF Architects & Lab, Nahaku Studio, Plastenco, Kasuri, Arjakeli, Ventilator, Plastic Watcher, Common Land Project, Aktusheti, Mziuri, Tene.

კონფერენცია გააერთიანებს ყველასთვის, ვისაც აინტერესებს მდგრადი და ცირკულარული დიზაინი, ცირკულარული ეკონომიკა და ინოვაციური მიდგომები სისტემური ცვლილებებისადმი. ის განსაკუთრებით საინტერესო იქნება არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სტარტაპებისთვის, სამოქალაქო სექტორში დასაქმებულებისა და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მუშაობს ცირკულარული მოდელების, სისტემური დიზაინისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით.

სამუშაო სესიებზე რეგისტრაცია დაიწყო. აბონემენტის შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ designinstitute.ge.

(R)