თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გლობალური ორგანიზაციების მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის შეუძლებლობის პირობებში, რეგიონულმა ფორმატებმა, როგორიცაა PABSEC, აქცენტი ხალხის პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებსა და დაკავშირებადობაზე უნდა გააკეთონ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სპიკერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. მისი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების „ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად“ გამოყენება და გეოპოლიტიკის ხალხზე წინ დაყენება ზიანს აყენებს მშვიდობას და იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას.

„ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა. ამ ჭრილში, მან განსაკუთრებული ყურადღება „შუა დერეფნის“ განვითარებას დაუთმო. პაპუაშვილის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, რეგიონი კონტინენტებს შორის საიმედო დამაკავშირებელ რგოლად უნდა იქცეს.

ამ კონტექსტში მან პრაქტიკული თანამშრომლობის სტრატეგიულ მაგალითად დაასახელა მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ახალი ხაზი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი პროექტია.

პაპუაშვილმა ასევე იმედის მომცემი უწოდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს, რაც ფართო რეგიონისთვის სტაბილურობის პერსპექტივას ქმნის.

გამოსვლის დასასრულს სპიკერმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი ამომრჩევლების პრიორიტეტების მიმართ. მისი გაფრთხილებით, გეოპოლიტიკური „თამაშები“ ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფის ხარჯზე აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ იწვევს ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, რაც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარი საფუძველია.