თბილისი (GBC) - უკრაინისა და პოლონეთის ერთობლივი ფრონტი კრემლის წინააღმდეგ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მხარეებს შორის რვა ათწლეულის წინ მომხდარი მასობრივი მკვლელობების ირგვლივ არსებული უთანხმოება ორივე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიური საარჩევნო იარაღი ხდება, წერს გამოცემა POLITICO.
ისტორიული შუღლი მიმდინარე წლის მაისში გამწვავდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს „UPA-ს გმირების“ (უკრაინის აჯანყებულთა არმია) სახელი მიანიჭა. აღნიშნულმა ფაქტმა ვარშავის მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს UPA-ს მიერ ათიათასობით პოლონელის დახოცვა გენოციდად ითვლება.
საპასუხოდ, პოლონეთის ნაციონალისტმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ზელენსკის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - „თეთრი არწივის ორდენი“ ჩამოართვა, რომელიც უკრაინის ლიდერმა ვარშავაში დემონსტრაციულად დააბრუნა. უფრო მეტიც, პრეზიდენტმა ნავროცკიმ პირდაპირ გააფრთხილა კიევი, რომ ვარშავამ შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა, თუ უკრაინული მხარე მასობრივ მკვლელობებს არ აღიარებს და ბოდიშს არ მოიხდის. პოლონელი ოფიციალური პირების განცხადებით, კიევის ამჟამინდელი პოლიტიკა „პოსტსაბჭოთა მენტალიტეტისა და ქედმაღლობის“ გამოვლინებაა, რის გამოც ვარშავამ მხოლოდ ხისტი, პრაგმატული ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს.
POLITICO-ს შეფასებით, ალიანსის შერყევა პირდაპირ კავშირშია პოლონეთის შიდა პოლიტიკურ წნეხთან და მოახლოებულ არჩევნებთან. ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა უკრაინელი ლტოლვილების (დაახლოებით 2 მლნ პირი) მიმართ მკვეთრად იცვლება, რასაც მემარჯვენე და ნაციონალისტური პარტიები რეიტინგების გასაზრდელად იყენებენ. SW Research-ის ბოლო გამოკითხვით, პოლონელთა 51.9%-ს შეხედულება უკრაინასა და ზელენსკიზე სწორედ UPA-ს ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაუუარესდა.
დონალდ ტუსკის პროევროპული კოალიციური მთავრობა მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს და ამ დაპირისპირებას „სტრატეგიულ შეცდომას“ უწოდებს, თუმცა, შიდა პოლიტიკური წნეხის გამო, ტუსკის კაბინეტმა პოლონეთში მყოფი უკრაინელებისთვის სოციალური დახმარებები მაინც შეზღუდა.
თავის მხრივ, უკრაინული მხარე პოზიციების დათმობას არ აპირებს. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, უკრაინელებს საკუთარი გმირების შერჩევას გარეშე პირები ვერ უკარნახენ. ექსპერტების შეფასებით, ზელენსკიმ გაუძლო რუსეთისა და დონალდ ტრამპის მხრიდან არსებულ უზარმაზარ პრესინგს, რის გამოც პოლონეთის მხრიდან ისტორიულ საკითხებზე ზეწოლა მისთვის ნაკლებად მტკივნეულია და კიევი კომპრომისზე წასვლას არ გეგმავს.