თბილისი (GBC) - სარეიტინგო სააგენტო S&P-მ დღეს, Georgia Capital PLC-ის (GCAP) საკრედიტო რეიტინგი ‘’BB-‘’ პოზიტიური პროგნოზიდან ‘’BB’’ სტაბილურ პროგნოზამდე გააუმჯობესა. 

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ჰოლდინგის, Georgia Capital-ის, პორტფელის ღირებულება 2025 წლის მარტიდან 2026 წლის მარტამდე 23%-ით გაიზარდა და ₾5.04 მლრდ-ს (დაახლოებით $1.87 მლრდ) მიაღწია. ეს ზრდა ძირითადად განაპირობა Lion Finance Group-ის ღირებულების 43%-იანმა ზრდამ, რომელიც Georgia Capital-ის ყველაზე დიდი და ერთადერთი ბირჟაზე განთავსებული აქტივია.

ამასთან, კერძო პორტფელის ღირებულება 18%-ით გაიზარდა. კერძო პორტფელის შედეგებზე გავლენა იქონია პორტფელის როტაციამაც, მათ შორის წყლის მომარაგების ბიზნესის გაყიდვამ.

S&P-ს ხედვით კომპანიამ შეინარჩუნა დაბალანსებული ფინანსური პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც პარალელურად ახორციელებდა არსებული ობლიგაციური ვალდებულებების დაფარვას და აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნებას. შედეგად, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით S&P Global Ratings-ის მიერ კორექტირებული Loan-to-Value (LTV) მაჩვენებელი 0.4%-ს შეადგენდა, რასაც მხარს უჭერდა ციკლის განმავლობაში 10%-იანი სამიზნე Net Capital Commitment (NCC) მაჩვენებელი.

ამის გათვალისწინებით, S&P-მ გააუმჯობესა Georgia Capital-ისა და მისი $150 მლნ-ის მოცულობის ობლიგაციის რეიტინგი „BB“-მდე.

სტაბილური პერსპექტივა (Stable Outlook) ასახავს S&P-ს მოლოდინს, რომ GCAP-ი შეინარჩუნებს LTV მაჩვენებელს მნიშვნელოვნად 10%-ზე დაბლა ნებისმიერი საბაზრო პირობების შემთხვევაში, გაატარებს კონსერვატიულ ფინანსურ პოლიტიკას კაპიტალის სტრუქტურის შემდგომი გაძლიერების მიზნით და უზრუნველყოფს აქტივების მყარ შედეგებს.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, ჯგუფის პორტფელის ღირებულება საშუალოვადიან პერიოდში ძლიერ ზრდას განაგრძობს, ბოლო 18 თვის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი შედეგების შემდეგ.

“ველით, რომ Georgia Capital შეინარჩუნებს ფინანსური ლევერიჯის დაბალ დონეს, რასაც ხელს შეუწყობს ვალის მართვის დისციპლინირებული პოლიტიკის გაგრძელება”, - აცხადებს S&P და ამავე დროს აღნიშნავს, რომ მათ საბაზო სცენარში NCC მაჩვენებლის (რომელიც მ.წ 31 მარტის მდგომარეობით 3.9%-ია) მნიშვნელოვანი ზრდა გათვალისწინებული არ არის და ასეთ ზრდას მოცემულ რეიტინგთან შესაბამის ქმედებადაც არ მიიჩნევს.

ეს კი მიუხედავად იმისა, რომ NCC 2025 წლის დეკემბრის 2.3%-იდან გაიზარდა, რასაც ძირითადად 2026 წლის თებერვალში გამოცხადებულ $50 მლნ-იან კაპიტალის შემცირების პროგრამას უკავშირებს, რომელიც სრულად შეესაბამება კაპიტალის განაწილების მოლოდინებს.

„ჩვენი შეფასებით, კომპანიას შეუძლია გაუმკლავდეს შედარებით არასტაბილურ საბაზრო პირობებს, რომლებიც მისი აქტივების ღირებულებაზე იმოქმედებს და ამავდროულად შეინარჩუნოს LTV მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 10%-ზე ქვემოთ“.

Georgia Capital-ის ბიზნესრისკის შეფასების ერთ-ერთ მთავარ შეზღუდვად S&P-სთვის კვლავ რჩება საქართველოში მაღალი კონცენტრაცია და ერთ დალისტულ აქტივზე Lion Finance Group-ზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომელიც პორტფელის მთლიანი ღირებულების 47.2%-ს შეადგენს და თავად LFG-ის 16.6%-ს ფლობს.

S&P-ს შეფასებით, ჯგუფის მიერ ინვესტირებული კომპანიების საშუალო შეწონილი საკრედიტო ხარისხი „B+“-ის დონეს შეესაბამება.