თბილისი (GBC) - აქციონერებმა TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) ყოველწლიურ საერთო კრებაზე (AGM) 2024 წლის 31 დეკემბრით დასრულებული ფინანსური წლისთვის საბოლოო დივიდენდის გაცემა დაამტკიცეს.

საბოლოო დივიდენდი თითო ჩვეულებრივ აქციაზე ₾5.55-ს შეადგენს და გაიცემა ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. დივიდენდის გადახდა განხორციელდება 2025 წლის 11 ივლისს იმ აქციონერთათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან კომპანიის წევრთა რეესტრში ლონდონის დროით 2025 წლის 6 ივნისს, 18:00 საათისთვის.

გადახდისას გამოყენებული ₾/£ კონვერტაციის კურსი საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალო გაცვლით კურსზე იქნება დაფუძნებული, რომელიც დადგინდება 2025 წლის 9 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით (5 დღის საშუალო). დივიდენდის გადასახდელი კურსის დადგენის თარიღად განსაზღვრულია 2025 წლის 13 ივნისი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა აქციონერთა 100%-მა - 39,981,537 აქციით, ხოლო წინააღმდეგი არცერთი ხმა არ დაფიქსირებულა. ხმის მიცემაში მონაწილეობა კომპანიის გამოშვებული აქციების 71.13%-მა მიიღო.

ჯგუფის AGM 2025 წლის 20 მაისს, ლონდონში გაიმართა.