თბილისი (GBC) – თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა. 

მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვეს არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები.

მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.

ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. თიბისი კონცეპტში წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს.

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

Სულ მალე გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ქუთაისში გადაინაცვლებს. დამთვალიერებელს მისი ნახვა ი. გრიშაშვილის #26 მდებარე, თიბისის ფილიალის საგამოფენო სივრცეში შეეძლება.

გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, თიბისია.