თბილისი (GBC) – საქართველო ინდოეთთან ვაჭრობის მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისებასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობს. საკითხი ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საქართველოში ინდოეთის ახალი ელჩის ამით ქუმარ მიშრას შეხვედრაზე განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ ინდოეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას და მის როლს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ხაზი გაუსვეს ვაჭრობის მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ათვისების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერებას.
კობახიძემ და მიშრამ ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. აღინიშნა ინდოეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინდოელი სტუდენტების მზარდ ინტერესს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მიმართ.
თბილისში ინდოეთის საელჩოს გახსნა საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე განიხილება, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.
