თბილისი (GBC) - „გრინ კროპს დისტრიბუშენი” - სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისის დაკრედიტებით განვითარდა.
დეფიციტი ხშირად მხოლოდ პრობლემას არ ნიშნავს — ზოგჯერ ის შთაგონების წყაროც ხდება, - თიბისის ინფორმაციით, სწორედ ასე დაიწყო კომპანიის ისტორია, მაშინ, როდესაც ბაზარზე სალათის ფოთოლი დეფიციტური პროდუქტი იყო. მაღაზიებსა და რესტორნებში იშვიათად თუ შეხვდებოდით ქართული წარმოების ბოსტნეულს, მომხმარებელი კი იძულებული იყო იმპორტულზე გადართულიყო. ამ მოცემულობამ დავით მეფარიშვილი (კომპანიის დამფუძნებელი) მიიყვანა იდეამდე, ადგილობრივად ეწარმოებინა ის, რაც ყველას სჭირდება.
„შპს გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ოფიციალურად 2016 წელს დაფუძნდა, ხოლო უკვე 2017 წლიდან კომპანიის პირველი სათბურების ფუნქციონირება დაიწყო — სოფელ მუხრანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პირველივე მოსავალი მიანიშნებდა, რომ ყველაფერი სწორად იყო გათვალისწინებული: სალათის ფოთოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ზუსტად შეესაბამებოდა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. ამიტომაც, მალევე დაიწყეს პროდუქციის რესტორნებსა და მაღაზიებში გავრცელება.
შემდეგი ნაბიჯი უკვე მასშტაბის ზრდა იყო. იმისთვის, რომ პროდუქცია დიდ ქსელებს მიწოდებოდა, აუცილებელი გახდა სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა: სამაცივრე ფართი, პროდუქტის შესაფუთი საწარმო, ახალი სათბურები და დისტრიბუციის მანქანები.
„სესხის მიღებიდან მალევე დავასრულეთ საწარმოს შენობის სამაცივრე სივრცისა და ახალი სათბურის მშენებლობა. ასევე, თიბისი ლიზინგით სადისტრიბუციო მანქანები შევიძინე. შემდეგ კი, დავიწყეთ პროდუქტის შეფუთვა ბრენდით „მწვანე მოსავალი“ და ქსელის მომარაგება. თიბისი კომპანიის დაარსებიდან დღემდე გვერდში გვიდგას", - ამბობს დავით მეფარიშვილი.
"გრინ კროპს დისტრიბუშენი“ ერთგვარ პლატფორმად იქცა ადგილობრივი ფერმერებისათვის. კომპანია აქტიურად დაინტერესდა ფერმერების ჩართულობით — მათ ატრენინგებდა, აცნობდა ტექნოლოგიებს, ჯიშებსა და მოთხოვნებს, რაც თითოეულ ფერმერს საშუალებას აძლევდა, თავადაც წარმატებით ეწარმოებინათ პროდუქცია და მიწოდების ჯაჭვში ჩართულიყვნენ. სწორედ ეს გზა გახდა იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი — კომპანიის მისია დღემდე უცვლელია — ახალი, იშვიათი და ეგზოტიკური ბოსტნეულის „გაქართულება“ და მაღალხარისხიანი ადგილობრივი წარმოების გაძლიერება.