თბილისი (GBC) - 22 ონლაინმედია, 13 აგვისტოს, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის დაცვისთვის მიძღვნილი პერფორმანსით გაერთიანდა: „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებული ონლაინგამოცემების ვებგვერდებზე შესულ მკითხველს ერთი საათის განმავლობაში, შავი ფონი ხვდებოდა.
ვებგვერდების ჩართვის შემდეგ კი რედაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“