თბილისი (GBC) - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან 12 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე თურქი მესხების თემა წამოსწია და გამოთქვა მოლოდინი, "მესხი თურქების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების" შესახებ.
მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა უფრო გამყარდება და ურთიერთობების გაღრმავებაზე მზაობა გამოთქვა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია წლების განმავლობაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ურთიერთობას მყარი საფუძველი აქვს.
"დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს - 3 მილიარდი დოლარი და მივდივართ ახალი მიზნისკენ - $5 მილიარდი", - თურქეთის პრეზიდენტმა ინვესტიციების ზრდაზეც აღნიშნა.
ერდოღანის თქმით, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში, თურქული სამშენებლო კომპანიები დაინტერესებული არიან საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით.
"სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული, გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ერთობლივ პროექტებზე. თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ურთიერთობა და თანამშრომლობა სამხედრო-თავდაცვით სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა - ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები. ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საქმეში. შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე კავკასიაში და აგრეთვე, ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში, ამ საკითხებზე ვისაუბრე პრეზიდენტ ყაველაშვილთან და საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც. მე აგრეთვე, გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა: „მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე თქვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე - „უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“; ასევე, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები“ და თქვა, რომ საქართველო „ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას“.
„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.
ყაველაშვილი უკვე 8 თვეზე მეტია, რაც საქართველოს პრეზიდენტია. ამ ხნის მანძილზე ოფიციალური ვიზიტი მას სულ სამ ქვეყანაში ჰქონდა და სამივე საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებია. პირველი ვიზიტით იგი იმყოფებოდა აზერბაიჯანში (15–16 აპრილი), მეორე იყო - სომხეთი (28–29 აპრილი) და ბოლოს - "დიდგორობას", იმყოფებოდა თურქეთში (12-13 აგვისტო).