თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან „საინვესტიციო შეთანხმების“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამ ფონზე სეპარატისტების ე.წ. პარლამენტმა გადადო რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია. ამასთან, ოპოზიცია აგრძელებს პროტესტს და მოითხოვს ე.წ. პარლამენტში სესიის ჩატარებას და „საინვესტიციო შეთანხმების“ საწინააღმდეგო კენჭისყრას.
რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სესია გაიხსნა, რომელზედაც „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ „კანონპროექტის“ რატიფიკაცია იგეგმებოდა, თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა არ გაგრძელდება.
მანამდე, 15 ნოემბერს, რუსულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტი“ საავტორო სტატია გამოაქვეყნა სათაურით „აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება“. მასალის ავტორი ირინა ალკსნისი რუსეთისა და საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის ვიკტორ აქკსნისის ქალიშვილია.
იგი წერს, რომ აფხაზური ოპოზიცია „დარვინის სახელმწიფო–პოლიტიკური პრემიის მთავარი პრეტენდენტია“.
სტატიაში ნათქვამია, რომ „ერთი ციდა აფხაზეთი ორ სხვა ქვეყანას შორისაა“ გაკვეხებული:
„მათ შორის ერთთან – საქართველო – მას დამოუკიდებლობისთვის 30 წლის წინ ჰქონდა ომი და ის დღემდე ოცნებობს ამ წართმეული ტერიტორიის დაბრუნებაზე. მეორე მეზობელი – რუსეთი – მთელი ამ წლების განმავლობაში სრულფასოვნად მფარველობს აფხაზეთს ყველა მიმართულებით“.
„რია ნოვოსტის“ კოლუმნისტის თქმით, „მოსკოვი, ფაქტობრივად, აფხაზეთის არსებობის გარანტია“; „30 წელზე მეტია, რუსეთი აფხაზეთს იცავს, ამარაგებს, აფინანსებს“, მაგრამ აფხაზეთი ამ დროს სულ უფრო „ცალმხრივად პასუხობდა“ ამ ყველაფერს. ავტორი ირწმუნება, რომ „ასეთი ვითარება მოსკოვს ყელში ამოუვიდა“ და აფხაზეთთან ურთიერთობები უფრო მოზომილი გახადა.