თბილისი (GBC) – სოხუმში რუსეთ–აფხაზეთის „საინვესტიციო შეთანხმების“ მოწინააღმდეგეთა მიერ 15 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი ალყაში მოაქციეს. საპროტესტო აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება, წერს გამოცემა „ექო კავკაზა“. 

მანამდე აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებმა კვერცხები და ბოთლები ისროლეს, შემდეგ კი მანქანით დამცავი ჯებირები გაარღვიეს და ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მედიის ცნობით, ამ მომენტისთვის ძალოვნები მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

აქციის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად ე.წ. შს მინისტრი და ე.წ. უშიშროების უფროსი. ისინი დაჰპირდნენ მოსახლეობას, რომ მათ მოთხოვნებს ასლან ბჟანიას გადასცემენ.

ამასთან, ტელეგრამ არხი  АМРА – life იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ადმინისტრაციული შენობა უკვე დატოვეს.

ბჟანიას პრეს–ცენტრი კი აცხადებს, რომ ამჟამად ე.წ. პრეზიდენტი აფხაზეთში ვითარების დასტაბილურებაზე მუშაობს.

აქცია გრძელდება და ხალხი სიტყვას „დეზერტირი“ სკანდირებს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.