თბილისი (GBC) – „სულაკაურის გამომცემლობა” ეხმაურება 19 გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დატოვებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „სულაკაურის გამომცემლობამ” 2014 წელს 10-მდე წევრთან ერთად ასოციაცია დატოვა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომელიც მათ თბილისის წიგნის დღეებზე გაასაჯაროვეს.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის 19-მა წევრმა გააკეთა განცხადება ასოციაციის დატოვების შესახებ. მათი თქმით, ასოციაციამ მათთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, დარეგისტრირებულიყო რუსული კანონის რეესტრში.

გაცნობებთ, რომ ,,სულაკაურის გამომცემლობამ” 2014 წელს დატოვა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 10-მდე წევრთან, მათ შორის: სანტა ესპერანსასთან, ქარჩხაძის გამომცემლობასთან და ლოგოს პრესთან ერთად”, – ვკითხულობთ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
პარასკევს, 15 ნოემბერს, წიგნის 19-მა გამომცემლობამ განაცხადა, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაცია მათთან შეუთანხმებელი იყო, რის გამოც „ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა”.