თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარება დაიძაბა. გაზაფხულზე რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნებია“ ჩანიშნული. ამ ფონზე სეპარატისტული ხელისუფლება და მისი ოპოზიცია დაძაბულ ბრძოლაში ჩაებნენ. BBC წერს, რომ ოპოზიციის ლიდერების დაკავების შემდეგ, რომლებიც რუსეთთან გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების გაუქმებას ითხოვდნენ, საპროტესტო ტალღა აგორდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება „მასობრივ არეულობებზე“ საუბრობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აფხაზეთის მთავარი ავტომაგისტრალის გადაკეტვის გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "უშიშროების საბჭოს" საგანგებო სხდომა გამართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, "უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს".
ამ ფონზე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივი მეთოდებით დაკავებულია სულ მცირე ექვსი ოპოზიციონერი. როგორც ირკვევა, ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც "უსაფრთხოების სამსახურის" თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.
სოციალურ ქსელ ტელეგრამში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს, მიწაზე დააგდეს და ბორკილები დაადეს. ისინი აფხაზეთის მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ.
დაკავებულები ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს.
ტელეგრამ არხით გავრცელდა ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ამბობს, რომ დაკავებულია არა ხუთი, არამედ ოთხი პირი: გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, ომარ ხმირი და რამაზ ჯოპუა.
აგრბას თქმით, ამ პირებმა 11 ნოემბერს, „პარლამენტის“ სხდომაზე „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" "კანონპროექტის" განხილვის შემდეგ, „პარლამენტის“ ეზოში ერთ-ერთი "დეპუტატის" მიმართ ჩაიდინეს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებები“, რასაც თან ახლდა „უცენზურო ლანძღვა“. აგრბას ინფორმაციით, დაკავებულები ადგილობრივი "შსს"–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და მათ მიმართ მიმდინარეობს „პროცესუალური შემოწმება“.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხის ცნობით, ამ დროისათვის კოდორის ხიდი გახსნილია. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის "გამგებელი" ბესლან ბიგვავა მივიდნენ და ახლობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვებისთვის საჭირო მტკიცებულებები. მათ ამ დაპირებაზე პასუხისმგებლობა აიღეს და სანაცვლოდ აქციის მონაწილეებს გზის გახსნა სთხოვეს.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ორი რეგიონის, ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს, ათობით ათასი ადამიანი დევნილი გახდა. მოგვიანებით კრემლმა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად გამოაცხადა. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს.