თბილისი (GBC) – ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია სახელწოდებით - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი 86-მა დეპუტატმა შეიკავა.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. სანქცირების სიაში დასახელებულნი არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და სხვა მაღალჩინოსნები, აგრეთვე მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირები. ამასთან, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ შეძლეს.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენებს და მოითხოვს როგორც მათი, ისე ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ოჯახთან რეგულარული კონტაქტი და შეუფერხებელი საკონსულო წვდომის უფლება.
გარდა ამისა, რეზოლუციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო შევიწროება, უზრუნველყოს გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების სრული თავისუფლება, ხოლო დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება.
დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა აუცილებელი წინაპირობაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესის მისაღწევად.
