თბილისი (GBC) – აზერბაიჯანული მედია ბოლო დღეებში რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელ გადამზიდავებს საქართველოს საბაჟოზე პრობლემებს უქმნიან. 

საქართველოს ოფიციალური განმარტება, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დაცვის გამო ხდება ტვირთების უფრო დეტალური შემოწმება, აზერბაიჯანულ მხარეს არ აკმაყოფილებს.

აზერბაიჯანული მედია ირწმუნება, რომ საქართველო ზანგეზურის დერეფნის გამო „ეჭვიანობს“, შიშობს რა მთავარი ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციის დაკარგვას.

აზერბაიჯანული მედია იმასაც ეჭვობს, რომ პრობლემებს შეიძლება ქმნიდნენ „ქართველი ფიგურები, რომლებიც სომხურ წრეებთან არიან კავშირში“.

გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული თემი ცხოვრობს, რომელიც „მძაფრად აღიქვამს უსამართლობას“.

მედიასაშუალებები, რომელთა უმრავლესობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არის დაახლოებული, მთავრობას პრობლემაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს და წერენ, რომ „აზერბაიჯანს საქართველოს მხარდაჭერაზე არასდროს უთქვამს უარი, აზერბაიჯანის მოქალაქეთა ღირსება კი არ წარმოადგენს კომპრომისის თემას“.