თბილისი (GBC) - საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ხუთშაბათს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, "შევაჩერებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ დაფინანსების პროგრამებს, შევზღუდავთ თავდაცვისა და პოლიტიკურ კონტაქტებს, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება".
ელჩის თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დეკემბერში გამოაცხადა და რასაც დღემდე ინარჩუნებს.
„არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ. ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამებში ხელახლა ჩართვა“, - აღნიშნა გარეტ უორდმა.
ამასთან, მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებას, რადგან მიაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ელჩმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს.
„დღეს ვხედავთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად.
ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და საქართველოს შორის. British Airways და EasyJet შეასრულებენ რეისებს საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვსურს საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი“, - აღნიშნა ელჩმა.
გარეტ უორდმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სანქციებზე წინასწარ კომენტარს არ აკეთებს, "თქვენ იცით ის, რაც უკვე გააკეთა გაერთიანებულმა სამეფომ: გამოაცხადა სანქციები გარკვეული რაოდენობის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით.
მთავარია ის, რომ გვსურს ვიხილოთ, თავისუფალი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება დაცული იყოს საქართველოში. ეს არის აღნიშნული სანქციების მიზანი“, - აღნიშნა ელჩმა.
დღეს, 23 იანვარს, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი „სელფსა“ და Vodafone-ს შორის პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას დაესწრო.