თბილისი (GBC) - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ სტრატეგიას რუსეთთან შესაძლო მომავალი მოლაპარაკებების შესახებ, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, მოსკოვის მიმართ ევროპული მოთხოვნების საკუთარ ხედვას წარადგენს, რაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ძალების გაყვანასაც გულისხმობს.

როგორც სააგენტო Reuters ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრაზე კალასის მიერ მომზადებული პაკეტი ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ევროპის წინააღმდეგ მიმართული კიბერ თავდასხმები, დრონების გამოყენება და დეზინფორმაციული კამპანიები.

ევროკავშირში სტრატეგიულ ნაბიჯებზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოუწოდა ევროპას, აქტიურად ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში. კიევში უფრთხიან, რომ აშშ, რომელიც ამჟამად ირანთან კონფლიქტზეა ფოკუსირებული, შესაძლოა ჩამოშორდეს რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესს, რის გამოც უკრაინულ მხარეს ევროპის ჩართულობის შენარჩუნება სურს.

მიუხედავად წარდგენილი გეგმისა, Reuters-ის წყაროების ცნობით, თავად ევროკავშირის წევრებს შორის მოსკოვთან სამომავლო ურთიერთობების ფორმატზე ერთიანი კონსენსუსი ჯერ არ არსებობს.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთთან მომავალი ურთიერთობების მიმართ მიდგომა. ზოგი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან ყოველგვარი კომუნიკაცია და ვაჭრობა გამორიცხული უნდა იყოს“, - აცხადებს სააგენტოსთან საუბარში მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატი.

დიპლომატიური წყაროების თანახმად, პარალელურად, მოსკოვის მხრიდან რეალური მოლაპარაკებების დაწყების მზაობა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიური მრჩეველი ამ მიზნით მოსკოვს ეწვია, თუმცა კრემლის პოზიციებში ცვლილებების ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამ ფონზე, ევროკავშირის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების დროა და ნებისმიერი დიპლომატიური ტესტირება მხოლოდ უკრაინის სამხედრო დახმარების პარალელურად უნდა განიხილებოდეს.