თბილისი (GBC) - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისულ საკითხებში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ის საშუალებით ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში მსგავსი ინციდენტების ადგილი არ არის.

"დღევანდელი დღე საზეიმო უნდა იყოს, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებსა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, სადაც "ხალხის მტრების" სიებისა და ანონიმური ზარების ადგილი არ არის. Quo vadis, Georgia? (ლათ. სად მიდიხარ, საქართველო?), - ნათქვამია კლაარის განცხადებაში.

ცნობისთვის, 8 მაისს თბილისში უცნობი პირები სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გია ჯაფარიძეს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ ლაშა ღვინიანიძეს.

მანამდე, 8 მაისის დილას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "მოძალადეთა გამჭვირვალე" ბაზას შექმნის. მისივე თქმით, მონაცემთა ბაზის მიზანი იქნება, რომ საზოგადოებას მორალური რეაქცია ჰქონდეს და იცოდეს, თუ ვინ ახორციელებს მათზე ზეწოლას. 

დღეს, 9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი „ყველანაირ თავდასხმას“ გმობს, თუმცა ვბცსდბც გაუგებარია, რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მისივე თქმით, თბილისში წუხელ მომხდარი თავდასხმების გამოძიება „მყისიერად" დაიწყეს.