თბილისი (GBC) - საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დღეს, 15 აპრილს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრებს არწმუნებდა, რომ კანონპროექტი რუსული არ არის და მისი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ, გამჭვირვალობაა."ჩვენ ვუთხარით, რომ კანონისთვის კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება არაევროპულია", - ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნება.
"ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ვესაუბრეთ კანონის მიზანზე, საფუძველზე. მათ შორის, ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ევროკავშირის თანხები და მათივე გადასახადების გადამხდელების თანხები ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არაგამჭვირვალედ, ნაწილობრივ საქართველოში იხარჯება არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ვუთხარით, რომ მათ ხელშია უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან.
რაც შეეხება თავად კანონს, მათ რა თქმა უნდა აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ სამწუხაროდ ორი თვის განმავლობაში, რაც კანონი არის ინიციირებული, ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს. ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა და იარლიყების მიწებება ამ კანონისთვის, რაც არაევროპული ქცევაა. თუკი ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით მზად, ამის იქითაც მზად ვართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა შეხვდებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი გუშინ 14 მაისს მიიღო, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტის მიღების შემდეგ დაიწყო დაკავებები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საქართველოში ერთ თვეზე მეტია დემონსტრაციები მიმდინარეობს.