თბილისი (GBC) – საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ 3 არგუმენტს ასახელებს თავის ვრცელ პოსტში, რომელიც ოთხშაბათს ფეისბუკზე ატვირთა.
GBC სრულად გთავაზობთ კახა მაღრაძის პოსტს:
„ოკ. გეთანხმებით. ეს კანონი არ არის რუსული!!!
ზოგადად, არ მიყვარს მე ასე ხელაღებით იარლიყების მიწებება ვინმესთვის. შეგნებულად არ ვიყენებ ტერმინს "მოღალატეს", იმიტომ რომ ასეთი ხმამაღალი ლაპარაკი არც ჩემ სტილშია და მიმაჩნია, რომ თან ძალიან კონტრპროდუქტიულია.
არ არის რუსული! მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი და ყველა ის პროცესი, რაც მოჰყვა ამ კანონის მიღებას არის ანტისახელმწიფოებრივი, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ანტიჰუმანური. ჰოდა, მინდა გაგიზიაროთ პუნქტობრივად არგუმენტები ამის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე გაითვალისწინებს. მაინც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რომ ავხსნა. ავხსნა, პირველ რიგში, ხელისუფლების მხარდამჭერი ჩემს მეგობრებისთვის. შეიძლება რამის გამეორება მომიწიოს წინა არგუმენტაციიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემიანებს კიდევ ერთხელ გავუმეორო ეს არგუმენტები.
ჰოდა, ესეც არგუმენტები. თანაც სულ სამი 🙂
არგუმენტი #1: ეს კანონი არაა გამჭვირვალობის და შავი ფულის გაჩერების, იმიტომ რომ გამჭვირვალობის მექანიზმები ისედაც არსებობს და გამჭვირვალობა კიდე თავისთავად შავ ფულს არ აჩერებს. თან შავი ფულის კონტროლის და შეჩერების სხვა მექანიზმებიც აქვს სახელმწიფოს და ტრაკის თამაშია ამ არგუმენტების მოყვანა. აქვე გაგახსენებთ, რომ კანონის საჭიროების არანაირი დასაბუთება არ ყოფილა. არ ყოფილა რაიმე სტატისტიკა, ან რაიმე გენერალური კვლევა, რითიც დადასტურდებოდა, რომ აუცილებელია ეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი. ეს კანონი არის მედიის და სამოქალაქო სექტორის კონტროლის, უფრო სწორად მათზე ზეწოლის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. თან უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებს უწოდებ, სტიგმატიზირებას მოახდენ და თან როცა გინდა, მაშინ რომ შეამოწმებ, აი ასეთი კანონია. სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა კი დიქტატურისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს კიდევ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.
არგუმენტი #2: კანონპროექტის ტექსტს, მის რუსულობას თუ ამერიკულობას რომ თავი დავანებოთ, აქ დიდი პრობლემა ისაა, თუ როგორ აისახა ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობასა და დასავლური ინტეგრაციის პროცესზე. ევროპარლამენტის რეზოლუციას, სენატორების წერილს და მსგავს დოკუმენტებს რომ არ მივაქციოთ ყურადღება (რაზეც ოცნება ამბობს, რომ მაგ ყველაფერს არანაირი ძალა აქვს), რას ვუშვრებით აღმასრულებელი ხელისუფლების და საგარეო საქმეთა მინისტრების, პრემიერ მინისტრების თუ კანცლერების ნათქვამებს? თან მხოლოდ ერთხელ კი არ თქვეს და მერე მიიღეს ჩვენი ხელისუფლების არგუმენტები? რამდენჯერმე გაგვიმეორეს სხვადასხვა ტრიბუნიდან და სხვადასხვა ფორმით. გვითხრეს, რომ ამ კანონის მიღება შეაჩერებს ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას და პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს კი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი კი არა, დამღუპველია. ეროვნულ ინტერესებში ეროვნულ ტრადიციებს და ქართველი კაცების ტრაკის დაცვას ნუ მოიაზრებთ, ოღონდ. ტერმინია ასეთი და დასერჩეთ, თუ არ იცით.
არგუმენტი #3: ეს უბრალოდ მოდიქტატურო კანონი, ან დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ამბავი რომ ყოფილიყო, აქ შეიძლებოდა კიდე კამათი. ანუ, რაც აქამდე დავწერე, ყველაფერზე შეიძლება შემოდავება, იდეაში. შეიძლება დიდ პოლიტიკურ თამაშზე ილაპარაკო, ან რეალური სუვერენიტეტის დემონსტრირებაზე და დამოუკიდებელი თამაშის თამაშზე. შეიძლება უამრავი მსგავსი არგუმენტი (სულელური, მაგრამ მაინც არგუმენტი) თქვა, მაგრამ როცა საზოგადოებაში დაპირპისპირების გაჩენას ასეთი ძალით უწყობ ხელს, როცა პოლიციელებს ქუჩაში აცემინებ ხალხს, როცა ასე ლანძღავ და უმოწყალოდ უსწორდები ახალგაზრდებს, აქ უკვე არაფრის თქმა არ შეიძლება. ამ დანაშაულს აღარაფერი გადაწონის და მაგ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა ოცნების ლიდერშიფი. ასე არ შეიძლება მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ახალგაზრდებს. ეს ძლივს შეყვარებული პოლიცია შეგვაზიზღეს თავიდან. ძალოვნების რწმენა დაგვიკარგეს და უკვე გვეშინია მაგათი. აი ეს მოიტანა ამ მაიმუნურმა გამჭვირვალობის კანონმა. ოჯახის წევრები და მეგობრები დააპირისპირა ერთმანეთს. ხალხი და პოლიცია გადაამტერა.
პ.ს. ჰოდა, თუ თქვენ არ დამეთანხმებით ასეთ აშკარა არგუმენტებში, ესე იგი თქვენთვის დიქტატურაც, რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაც და პოლიციელების მიერ ხალხის ქუჩაში ცემაც არ წარმოადგენს პრობლემას. დაფიქრდით ამაზე!
პ.პ.ს. მართლა თუ ასე გჯერათ, რომ ეს კანონი კარგია და ხალხის უმეტესობა უჭერს მას მხარს, მაშინ გამოიტანეთ პლებისციტზე (ან რეფერენდუმზე. არ ვიცი რომელია აქ სწორი ვარიანტი) და მართლა ხალხმა გადაწყვიტოს, გვინდა ეს მოგონილი გამჭვირვალობა და ვითომ რეალური სუვერენიტეტი, თუ - არა.
პ.პ.პ.ს. და ბოლოს, რაც არ უნდა გავბრაზდე თქვენს ნათქვამზე ხოლმე, რაც არ უნდა გამამწაროს თქვენმა პოსტებმა და დამცინავმა ტონმა, იცოდეთ, რომ მაინც სულ სიყვარულით და არგუმენტებით დაგელაპარაკებით. არასდროს არ გადავალ შეურაცხყოფაზე. არ მივცემ კობახიძეს და მდინარაძეს იმის ფუფუნებას, რომ ამ დიდმა ყლეობამ ჩვენს მეგობრობაზე იმოქმედოს. ეს ყველაფერი დროებითია და ბოლოს მაინც სახელოვნად გავიმარჯვებთ ❤“, – წერს კახა მაღრაძე.