თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა მძიმე არის ის წერტილი, რაც დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით 84 ადამიანის მიერ კენჭისყრის შედეგად. „ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის მცდელობა, რომ საქართველო დაბრუნდეს წარსულში.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვას პრეზიდენტს, რომლის ინიციატივით განხორციელდა ჩვენი ოთხი მეგობრის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ევროპული მომავლისთვის მათი დღეს აქ ჩამოსვლა და ჩვენი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რისთვისაც მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ამდენი დღე გარეთ იდგა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ საქართველოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა: "ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ იმისთვის რომ ლექცია ჩაგიტაროთ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, არა, ვინაიდან დემოკრატიულ სახელმწიფოებში სადაც არჩევნები ტარდება, არჩევნები სწორედ ამისთვის არის და მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის რა არის მათი მომავალი, როგორი მომავალი უნდათ ჰქონდეთ მათ. ჩვენ აქ ჩამოვედით როგორც თქვენი მეგობრები, რეალური მეგობრები და არა ადვოკატირების მიზნით, არამედ უბრალოდ ფაქტების გაჟღერებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიში მდგომარეობაა... ყველა მეზობელი ქვეყანა რუსეთმა დააყენა საფრთხის წინაშე, სად ვიყოთ, უფრო თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარე დავიჭიროთ, ეს არის არჩევანი რომელიც გაქვთ. მე დღეს აქ ვიმყოფები, ვინაიდან ესტონეთს რეალურად ადარდებს საქართველო, ისტორიულად და დღესაც, ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხის ბედი, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ საქართველოსთვის, ისტორიულად და თქვენ ეს ყველამ იცით. ჩვენ საქართველოს რეფორმებს მხარს ვუჭერდით ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ვიზიარებთ იმ შეხედულებებს, რომ საუკეთესო განვითარება ქვეყნისთვის არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებას და ყველაფერს, იმას რაზეც დგას ევროკავშირის ღირებულებები, ეს კანონი არის სიმბოლო, სიმბოლო არჩევანის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონპროექტი უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან, ეს არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი".
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შეხვედრაზე თქვა: "არ უნდა იყოს არანაირი დებულება იმაზე, რომ რამენაირი კოსმეტიკური ჩასწორება არსებული კანონპროექტისა გაასწორებს მის სახეს, ვინაიდან ის არ არის თანხვედრაში ევროპულ არჩევანთან, თქვენ ვერ გაალამაზებთ და შეაკეთებთ რაღაცას, რაც ფუნდამენტურად არის ჩვენი ინტერესების საპირწონედ. საქართველო მიეკუთვნება ევროპას. როგორც ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა - სტრასბურგში, "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი" , დიახ - თქვენ ხართ".
"საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა. ეს ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადახედოს ამ გადაწყვეტილებას". - ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტიმ გააკეთა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, გუშინ, 14 მაისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სადავო კანონი ზედმეტად სწრაფად მიიღო.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოითხოვს, რომ დაცული იქნეს კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმები. მოხდეს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სრული და გამჭვირვალე გამოძიება. მოხდეს, საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვა.