თბილისი (GBC) – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 8 მაისს საღამოს თბილისში მომხდარი თავდასხმების ფაქტებს აფასებს და წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა.

„საუკეთესო დროა ივანიშვილის დასანქცირებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში, სადაც „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფოტოს აზიარებს.

8 მაისს გვიან ღამით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან სასტიკად სცემეს "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.