თბილისი (GBC) – წუხანდელ აქციას სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების ლიდერები აფასებენ. "გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ", - წერს X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, ხოლო, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ არავინ უნდა იფიქროს, რომ ახლა საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების დროა. როგორც ელჩი სოციალურ ქსელში წერს, სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.

„ძალადობა და პერსონალური დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს გამოსავალი არასდროს არის. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ“, - ნათქვამია პეტერ ფიშერის განცხადებაში.

ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ „არ იფიქროთ, რომ ახლა არის საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოცხადების დრო, მაგრამ აჯობებს ევროკავშირმა შეწყვიტოს ფინანსები აღმასრულებელი დონისთვის და რაც შეიძლება მალე დააწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამას ელოდება და იმსახურებს ქართველი ხალხი“, - ევროპარლამენტარი აზიარებს ინფორმაციას 1-2 მაისს გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენდირექტორის, ხერტ იან კოოპმანის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

ფიშერის და ვიოლა ფონ კრამონი მსგავსად აღნიშნული მოვლენაზე შეშფოთებას გამოთქვამს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი და პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, იგი პრემიერს  "რუსული კანონის" უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

"ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!", - წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის "სპრეი" და ცრემლმდენი გაზი.

სამართალდამცავმა ორგანოებმა 30 აპრილს ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილეზე, მათ შორის არიან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ლევან ხაბეიშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი, ასევე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი თედ ჯონასი.